Loading data...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანი ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობებს უბრუნდება

„ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნის განახლებას გეგმავს, რაც ისრაელისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს“, - ინფორმაციას  The Times of Israel ავრცელებს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანის წინააღმდეგ დასახული ამოცანა ჯერ დასრულებული არ არის. მან აღნიშნა, რომ ისრაელი ვერ შეეგუება მსგავს მუქარებს და მოსახლეობასა თუ პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისკენ მოუწოდა. 

„ირანი ცდილობს განაახლოს ძალისხმევა ბირთვული იარაღის მისაღებად, იმ სხვა სერიოზულ მუქარებთან ერთად, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს. ჩვენ ამ საფრთხეებს ვერ შევეგუებით.

ჩვენ წინაშე არსებული მასშტაბური ამოცანების გათვალისწინებით, ერთიანი უნდა ვიყოთ. ისრაელის მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ შიდა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენს არსებობაზე მუქარის წინაშე მტკიცედ და ერთიანად ვდგავართ“, - აღნიშნა კაცმა 1956 წლის სუეცის კრიზისის დროს დაღუპული ჯარისკაცებისადმი მიძღვნილ მემორიალურ ცერემონიაზე.

მისი შეფასებით, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სრული მზადყოფნა, ისე საზოგადოების მტკიცე ერთსულოვნება.