ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას 40%-ზე კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას 40%-ზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ ისრაელის ბრიგადის გენერალმა ჯეფრი დეფრინმა განაცხადა. მისი თქმით, ოპერაცია გაფართოვდება და გაძლიერდება და „ჰამასის“ დევნა ყველგან მოხდება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ამჟამად ისრაელის ქვედანაყოფები ზეითუნის და შეიხ-რადვანის რაიონებში მოქმედებენ. დეფრინის თქმით, ოპერაცია მხოლოდ ყველა ებრაელი მძევლის გათავისუფლების და რადიკალური დაჯგუფების, „ჰამასის“ მმართველობის ლიკვიდაციის შემდეგ დასრულდება. ისრაელი მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას, რომ ქალაქი ღაზა, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე დატოვოს. ამ დროისთვის ღაზა დაახლოებით 70 ათასმა ადამიანმა დატოვა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზაში ოპერაცია 20 აგვისტოს დაიწყეს, ხოლო 29 აგვისტოს ის „საშიში საბრძოლო მოქმედებების ზონად“ გამოაცხადეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს, რომ ოპერაცია ყველა მძევლის გათავისუფლების, „ჰამასის“ განიარაღების, ღაზას სექტორის დემილიტარიზაციის და ისრაელის მიერ ამ რეგიონის უსაფრთხოებაზე კონტროლის დამყარების შემდეგ დასრულდება.