ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათ ლიბანის არმიის მანქანას დაარტყეს, რასაც სამი სამხედრო, მათ შორის ბრიგადის გენერალი ემსხვერპლა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ 6 ივნისის დილას სამხრეთ ლიბანში ლიბანის არმიის მანქანას თავს დაესხნენ და განაცხადეს, რომ მანქანა აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადაადგილდებოდა.
ლიბანის შეიარაღებული ძალების ცნობით, დარტყმის შედეგად ბრიგადის გენერალი, კაპიტანი და კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ სოფელ კფარ ტებნიტთან ახლოს ისრაელის ძალების მიმართულებით „საეჭვოდ მოძრავი“ მანქანა დააფიქსირეს.
„მანქანა აქტიური საბრძოლო მოქმედებების და ევაკუირებული ზონის ტერიტორიაზე მოძრაობდა“, - აცხადებენ ისრაელის სამხედრო ძალები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე მყოფი ისრაელის ჯარები „ჰეზბოლას“ მხრიდან შესაძლო თავდასხმების განხორციელების შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ და რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს აქვთ სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ „ჰეზბოლა“ ამ ტერიტორიაზე ფართოდ მოქმედებს“.
სამხედროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ეს არის საბრძოლო ზონა, რომელიც მოითხოვს მოძრაობის კოორდინაციას ისრაელის თავდაცვის ძალებთან“.
„იდენტიფიკაციის შემდეგ, გამაფრთხილებელი ინფორმაციისა და ძალებისთვის საფრთხის გათვალისწინებით, მანქანაზე დარტყმა განხორციელდა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ისრაელის სამხედროები ადასტურებენ, რომ მანქანაში იმყოფებოდნენ ორი ოფიცერი და ლიბანის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი და დასძინეს, რომ მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ინციდენტს იძიებენ და შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედროები დასძენენ, რომ ჯარები „მოქმედებენ „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ და არა ლიბანის არმიის წინააღმდეგ“.