Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელზე ირანის ავიაიერიში დასრულდა - Times Of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ამჟამად ირანიდან დამატებითი საფრთხე არ არსებობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისრაელზე სარაკეტო იერიში დასრულდა.

„სიტუაციის შეფასების შემდეგ გადაწყდა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დაცული ადგილების დატოვება ქვეყნის მასშტაბით ყველა რაიონში“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის საავიაციო სამმართველოში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ხელახლა გაიხსნა  და ფრენები მალე აღდგება.

პალესტინური მედიის ცნობით, ირანის ავიაიერიშის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე რაკეტის ნამსხვრევით ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

ცნობისთვის, ისრაელზე ირანის სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა. ისრაელის ძალების ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ავიაიერიში ირანის მხარემაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს..