ისრაელის თავდაცვის ძალები: ლიბანში 500-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლა“ ირანის კონფლიქტში ჩაერთო
მას შემდეგ, რაც კონფლიქტში „ჰეზბოლა“ ჩაერთო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ.
მათივე ცნობით, სამიზნეებს შორის იყვნენ „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაურები, მისი ელიტური „რადვანის“ ძალების წევრები, რაკეტების გამშვები პუნქტები, სამეთაურო ცენტრები, იარაღის საწყობები, ასევე, სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წევრები და მათი ინფრასტრუქტურა.
სამხედროების ცნობით, სამხრეთ ლიბანში დაახლოებით 420 000 ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუირებულია მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოსთხოვა აქ მცხოვრებლებს დაეტოვებინათ სახლები და ლიტანის მდინარის ჩრდილოეთით გადასულიყვნენ. ათიათასობით ადამიანი ევაკუირებულია ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებიდან, რომელიც „ჰეზბოლას“ დასაყრდენია, მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმაც იქ ევაკუაციის ბრძანება გასცეს.