Loading data...
ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს პარტიამ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა, თუმცა არცერთ პოლიტიკურ ბლოკს მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი უმრავლესობა არ გააჩნია

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის თანახმად, სამშაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიქუდმა“ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა, თუმცა არცერთ პოლიტიკურ ბლოკს მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი უმრავლესობა არ გააჩნია.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემები ეწინააღმდეგება ბოლო თვეების წინასაარჩევნო გამოკითხვებს, რომლებშიც „ლიქუდი“ გადი აიზენკოტის პარტია „იაშარს“ ჩამორჩებოდა. Kan-ის პროგნოზით, 120-ადგილიან ქნესეთში „ლიქუდი“ 25 მანდატს იღებს, ხოლო „იაშარი“ - 21-ს.

მიუხედავად ამისა, აიზენკოტის მეთაურობით მოქმედი ოპოზიციური (ანტინეთანიაჰუისტური) ბლოკი ჯამში მეტ ადგილს იკავებს - 53 მანდატს, ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკის 50 მანდატის საპირისპიროდ. არაბული პარტიები, რომლებიც ნეთანიაჰუს ოპოზიციაში დგანან, თუმცა არც სიონისტურ ანტინეთანიაჰუისტურ ბლოკს მიეკუთვნებიან, სავარაუდოდ, 17 მანდატს მოიპოვებენ.

ამრიგად, ეგზიტპოლი აჩვენებს, რომ ვერცერთი ბლოკი ვერ აღწევს უმრავლესობისთვის საჭირო 61-მანდატიან ზღვარს, რაც მთავრობის დაკომპლექტების პროცესს როგორც ნეთანიაჰუსთვის, ისე აიზენკოტისთვის ბუნდოვანს ხდის.

„ლიქუდის“ პირველ ადგილზე გასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა მკვეთრად გამოხატული გამარჯვებულის არარსებობა მოსალოდნელი იყო. ახლა ორივე ბლოკი კოალიციის შესაქმნელად დაიწყებს მუშაობას - მოსალოდნელია, რომ მთავრობის ფორმირების პირველი შანსი, როგორც ყველაზე მსხვილი პარტიის ლიდერს ნეთანიაჰუს მიეცემა. თუმცა, თუ შეთანხმება ვერ შედგა, შესაძლოა ისრაელელებს რამდენიმე თვეში ხელახალ არჩევნებზე წასვლა მოუწიოთ, რაც საზოგადოებას 2019-2022 წლების პოლიტიკურ კრიზისს გაახსენებს.