Loading data...
ისრაელის სამხედროების განცხადებით, ბეირუთის სასტუმროზე საზღვაო ძალების იერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის ხუთი მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხუთი მაღალი რანგის მეთაური ბეირუთში სასტუმროს ნომერზე ისრაელის საზღვაო ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა.

სამხედროების ცნობით, „სამოქალაქო სასტუმროში დამალვისას“ მოკლული მეთაურები მსახურობდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალების“ პალესტინისა და ლიბანის კორპუსებში და მონაწილეობდნენ სამხედრო დაჯგუფებების - „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ - სადაზვერვო მონაცემებითა და დაფინანსებით დახმარებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალები მათ ვინაობას ასახელებს:

▪️მაჯიდ ჰასინი, ლიბანის კორპუსის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც, ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, პასუხისმგებელი იყო ირანიდან ლიბანში მარიონეტული ჯგუფებისთვის, მათ შორის „ჰეზბოლასა“ და „ჰამასისთვის“, თანხების გადარიცხვაზე;

▪️ალი რეზა ბი-აზარი, ლიბანის კორპუსის დაზვერვის უფროსი;

▪️აჰმად რასული, პალესტინის კორპუსის დაზვერვის უფროსი;

▪️ჰოსეინ აჰმადლუ, ლიბანის კორპუსის დაბალი რანგის დაზვერვის აგენტი;

▪️აბუ მუჰამედ ალი, „ჰეზბოლას“ წარმომადგენელი პალესტინის კორპუსში.

გასულ კვირას ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანში განხორციელებული დარტყმის შედეგად ლიბანის კორპუსის მოვალეობის შემსრულებელი მეთაური დაუდ ალიზადეჰი მოკლეს. გასულ კვირას ბეირუთში განხორციელებულ კიდევ ერთ დარტყმას ლიბანის კორპუსის შტაბის უფროსი რეზა ხაზაეი ემსხვერპლა.