Loading data...
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთ სანაპიროზე ევროპელ დიპლომატებზე თავდასხმას გმობს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ გმობს დასავლეთ სანაპიროს სოფელ ტაიბეში ევროპელ დიპლომატებზე დასახლებების მცხოვრებთა თავდასხმას, თუმცა წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ დელეგაციის ვიზიტი წინასწარ არ იყო შეთანხმებული ისრაელის თავდაცვის ძალებთან.

„პოლიციამ გამოძიება დაიწყო, ხოლო იუდეისა და სამარიის ოლქის კრიმინალისტები უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და მტკიცებულებებს აგროვებენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ქვეყნების ელჩებთან კონტაქტზეა, რათა დაეხმაროს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც თავდამსხმელების იდენტიფიცირებასა და მათთვის მართლმსაჯულების აღსრულებაზე მუშაობენ. სამწუხაროა, რომ ვიზიტი წინასწარ არ იყო შეთანხმებული ისრაელის თავდაცვის ძალებთან. ასეთ კოორდინაციას შეეძლო, სტუმრების უსაფრთხოების დაცვას დახმარებოდა“, - წერს საარი სოციალურ ქსელ X-ზე.

ხელისუფლების კრიტიკოსები მთავრობას ძალადობის შემწყნარებლობაში და მის წახალისებაშიც კი ადანაშაულებენ. ამ ძალადობის შედეგად ათობით პალესტინური ოჯახი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მთავრობის სხვა მინისტრები მზარდ ძალადობას რეგულარულად წარმოაჩენენ, როგორც უმნიშვნელო პრობლემას. მათი მტკიცებით, ინციდენტების ყველა შემთხვევის უკან რამდენიმე ასეული დაუმორჩილებელი ახალგაზრდა დგას.