Loading data...
ისრაელის პრეზიდენტი: არ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპს ან ვინმე სხვას შეუძლია, ჩაერიოს ჩემს დისკრეციულ უფლებამოსილებაში

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერა, ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ 27 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ კოალიციის ფორმირების მანდატის გადაცემისას, მასზე გავლენას ვერ მოახდენს ვერც აღნიშნული განცხადება და ვერც რაიმე სახის გარე ზეწოლა. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს. 

„არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ან ვინმე სხვას შეუძლია, ჩაერიოს ჩემს დისკრეციულ უფლებამოსილებაში“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა.

ხმების დათვლის შემდეგ, ჰერცოგი კონსულტაციებს გამართავს არჩეული პარტიების ლიდერებთან, რის შემდეგაც მთავრობის ფორმირების მანდატს გადასცემს იმ კანონმდებელს, რომელსაც, მისი აზრით, ამის საუკეთესო შანსი აქვს.

ჰერცოგი აღნიშნავს, რომ „საკმაოდ დიდი ზეწოლა იქნება“ და ხაზს უსვამს, რომ ტრამპის მიმართ „დიდი პატივისცემით“ არის განწყობილი, თუმცა დასძენს, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვის დააკისროს ეს ამოცანა, მხოლოდ თავად მიიღებს.

„ეს ისრაელის დემოკრატია და ისრაელის კონსტიტუციაა — და ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.