Loading data...
ისრაელის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დასავლეთ სანაპიროზე ებრაელი დასახლებულების თავდასხმებს „ებრაულ ტერორიზმად“ აფასებს

ისრაელის პარტია „იაშარის“ თავმჯდომარე გადი აიზენკოტი დასავლეთ სანაპიროზე პალესტინურ სოფლებში ებრაელი დასახლებულების მიერ განხორციელებულ ცეცხლის წაკიდების ფაქტებს მკაცრად გმობს და მომხდარს „ებრაულ ტერორიზმს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“ უწოდებს.

პალესტინური მედიის ცნობით, ღამით დასახლებულებმა სოფელ დეირ ალ-სუდანში რამდენიმე ავტომობილსა და სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ავტომობილები დაწვეს, ასევე, ახლომდებარე სოფლებში  დეირ აბუ მაშალსა და კაფრ მალიქში.

აიზენკოტის განცხადებით, ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმები რეგიონულ სტაბილურობას ძირს უთხრის, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, აზიანებს ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებს.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება გარდაუვალი არ არის და ის ცუდი პოლიტიკური ხელმძღვანელობის შედეგია. აიზენკოტი პასუხისმგებლობას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირსა და ფინანსთა მინისტრ ბეცალელ სმოტრიჩს აკისრებს და აცხადებს, რომ მათ დასავლეთ სანაპირო უკონტროლო ქაოსის ზღვარზე მიიყვანეს.

პოლიტიკოსი ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობრივი თავდასხმების შესაჩერებლად ყველა ზომა გამოიყენოს, მათ შორის ადმინისტრაციული დაკავება და ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის, „შინ ბეთის“, მიზანმიმართული ოპერაციები.