Loading data...
ისრაელის ოფიციალური პირის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ 27 სექტემბერს აბუ-დაბის ეწვია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აბუ-დაბის ეწვია და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ამის შესახებ Reuters-ს ისრაელის მაღალჩინოსანმა განუცხადა.

ნეთანიაჰუს ოფისსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ეს ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც ამ თვეში ებრაულმა გაზეთმა „ჰაარეცმა“ (Haaretz) გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიხმა მოჰამედმა 2023 წლის 7 ოქტომბრამდე კვირანახევრით ადრე ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას გეგმავდა. „ჰაარეცის“ ცნობით, ეს გაფრთხილება არ გადაუციათ ისრაელის სადაზვერვო სამსახურებისა და სამხედრო უწყებებისთვის.

ნეთანიაჰუმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და გაზეთის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებით დაიმუქრა. ოპოზიციის ლიდერებმა პრემიერ-მინისტრი 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმამდე უსაფრთხოების კუთხით დაშვებულ ხარვეზებზე პასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს. 

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა „ჰაარეცის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ 2020 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საამიროებსა და ისრაელს შორის „კომუნიკაციის ღია და პირდაპირი არხები“ არსებობს. არაბთა გაერთიანებული საამიროების წყარომ ადრე Reuters-ს განუცხადა, რომ საამიროები უსაფრთხოების საკითხებს სხვა ქვეყნებთან „შესაბამისი უწყებების“ მეშვეობით განიხილავს და არა „ეროვნული ლიდერების დონეზე“.