ისრაელის ხელისუფლება საზღვარგარეთ დარჩენილ მოქალაქეებს აფრთხილებს: ნუ ჩაფრინდებით ლარნაკასა და ათენში!

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ საზღვარგარეთ დარჩენილ მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებლად, კვირები დასჭირდებათ. ირანთან დაწყებული კონფლიქტის გამო, ისრაელს საჰაერო სივრცე, რა თქმა უნდა, დაკეტილი აქვს. „ნუ იჩქარებთ და ნუ ჩაფრინდებით ლარნაკასა და ათენში იმ იმედით, რომ სწრაფად შეძლებთ სამშობლოში დაბრუნებას! ნუ გამოიყენებთ ეგვიპტისა და იორდანიის სახმელეთო გასასვლელებს! საკუთარ სახლებში სწრაფად დაბრუნებას ვერ შეძლებთ, რადგან ისრაელის საჰაერო სივრცე ჩაკეტილი რჩება, შემდგომ შეტყობინებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ განსაკუთრებულად გააფრთხილა ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ეტაპზე, სინაის ნახევარკუნძულზე ან იორდანიაში იმყოფებიან და სასაზღვრო გადასასვლელების გავლით ცდილობენ სამშობლოში დაბრუნებას. ორივე ქვეყანას[ეგვიპტე და იორდანია] მე-4 დონის გაფრთხილება აქვს, რაც ნიშნავს, რომ NSC-ის ვებსაიტის თანახმად, „ამ დანიშნულების ადგილას მოგზაურობა აკრძალულია“. „დაუყოვნებლივ დატოვეთ ეს ტერიტორიები“, - აფრთხილებს ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს.
სავარაუდოდ, ქვეყნის საზღვრებს მიღმა დაახლოებით, 50 000 ისრაელელია დარჩენილი. ბენ გურიონის აეროპორტი დაიკეტა ყველასთვის ტექსტით: „შემდგომ შეტყობინებამდე“.
El Al Israel Airlines-მა 17 ივნისამდე ყველა რეისი და 23 ივნისამდე ათობით ფრენა გააუქმა. „როდესაც შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურისა და საავიაციო ორგანოებისგან თანხმობას მივიღებთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მეტი ისრაელელი დაბრუნდეს სახლში, რეგულარული ფრენების გრაფიკის თანდათანობით აღდგენისა და ახლოს მდებარე მიმართულებებიდან სამაშველო ფრენების განხორციელებით“, - ნათქვამია ავიახაზების მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
ისრაელის აეროპორტის ადმინისტრაცია საკუთარ საზღვარგარეთ დარჩენილ მოქალაქეებს სთხოვს, „იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაელოდონ ოფიციალურ განახლებებს“.