Loading data...
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალა

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ-გვირს 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალა, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში პოლონეთის შს მინისტრი მარცინ კერვინსკი ავრცელებს.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ფლოტილიის აქტივისტების დაკავების დროს მის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მან და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უკვე მოაწერეს ხელი შესაბამის დოკუმენტებს და პოლონეთის სისტემებში ჩანაწერები უკვე ძალაში შევიდა.

„პოლონელი მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება… იტამარ ბენ-გვირს უკვე ოფიციალურად აეკრძალა პოლონეთში შესვლა“, - განაცხადა კერვინსკიმ.

ცნობისთვის, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა სოციალურ ქსელში პალესტინელების მხარდამჭერი დაკავებული აქტივისტების ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ სხედან აშდოდის პორტში ჰუმანიტარული ფლოტილიის აქტივისტები, რომლებიც ღაზის სექტორისკენ მიემართებოდნენ და ისრაელის საზღვაო ფლოტმა შეაჩერა. ფლოტილიის წევრებს ხელები ზურგს უკან აქვთ შეკრული და თავდახრილი არიან. კადრებში ჩანს, რომ ბენ-გვირი მათ შორის დადის ისრაელის დროშით და ყვირის: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში, ჩვენ ვართ აქ ბატონ-პატრონები“. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „ასე ვესალმებით ტერორიზმის მხარდამჭერებს“.