ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი: ისრაელი ღაზაში დარტყმების შეჩერებას არ დათანხმდა
ისრაელის მიერ ღაზაზე სამხედრო დარტყმების შეჩერების შესახებ შეთანხმება არ არსებობს, განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, უმაღლესი დონის უსაფრთხოების კაბინეტის წევრმა ელი კოენმა.
კოენმა აღნიშნა, რომ „ბოლო 72 საათის განმავლობაში კაბინეტში [ღაზას გეგმაზე] არანაირი დისკუსია არ ყოფილა“.
„ნებისმიერ შეიარაღებულ პირს, რომელიც მოქმედებს, იმუქრება, ტერორიზმშია ჩართული, ჩვენ გავანადგურებთ“, - განაცხადა კოენმა.
გასული კვირის ბოლოს „მშვიდობის საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული სამშვიდობო გეგმის თანახმად, „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს და ისრაელმა ღაზას სექტორი უნდა დატოვოს, რაც ტექნოკრატიულ ადმინისტრაციას ღაზას სექტორზე კონტროლის აღების საშუალებას მისცემს.
პალესტინელმა პოლიტიკოსმა მოჰამედ დაჰლანმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის მთავარმა თანაშემწემ ჯარედ კუშნერმა მას უთხრა, რომ ისრაელი დაარწმუნა, ამ პროცესის ფარგლებში, 2 აგვისტოდან ღაზაზე დარტყმები შეეწყვიტა.
მოგვიანებით დაჰლანმა ეს განცხადება უკან წაიღო იმ ფონზე, როდესაც ისრაელმა 1-2 აგვისტოს ღაზაზე საჰაერო დარტყმები განაგრძო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა „ისრაელის მაღალი თანამდებობის პირის“ სახელით გავრცელებული განცხადებები მიუთითებს, რომ იერუსალიმი წარდგენილ წინადადებას საკმარისად არ მიიჩნევს და სამხედრო თვალსაზრისით უკან დახევისთვის მზად არ არის.
კოენის თქმით, მას არ სჯერა, რომ „ჰამასი“ დაეთანხმება „მშვიდობის საბჭოს“ მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ განიარაღების გეგმას, დაჯგუფების მიერ მოჩვენებითად გამოხატული თანხმობის მიუხედავად.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივცემთ შანსს [აღნიშნულ პროცესს], რომ წარმატებით დასრულდეს“, - აღნიშნა კოენმა და დასძინა, რომ ისრაელი „ჰამასის“ დიპლომატიური გზებით განიარაღებას ანიჭებს უპირატესობას.