Loading data...
ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სომალილენდის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სომალილენდის რესპუბლიკა სომალისგან გამოყოფის სამ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

The Times Of Israel-ის ცნობით, ისრაელის სახელით დეკლარაციას ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი, ხოლო სომალილენდის სახელით ხელს აწერს ქვეყნის პრეზიდენტი აბდირაჰმან მოჰამედ აბდულაჰი.

სომალილენდი სუნიტური მუსლიმური ქვეყანაა, რომელმაც 1960 წელს ხუთდღიანი დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ პერიოდში მისი სახელმწიფოებრიობა ისრაელმა და 34 სხვა ქვეყანამ აღიარა, თუმცა შემდეგ ქვეყანა ისევ სომალისთან გაერთიანდა. სომალილენდი სომალის ოფიციალურად 1991 წელს გამოეყო და მიუხედავად იმისა, რომ სხვა არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა იგი, რამდენიმე გავლენიანმა ქვეყანამ - დიდმა ბრიტანეთმა, ეთიოპიამ, თურქეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, დანიამ, კენიამ და ტაივანმა - შეინარჩუნა სამეკავშირეო ოფისები.

აბდულაჰისთან ტელეფონით საუბრისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა „მნიშვნელოვანი და ისტორიულია“.

„ჩვენ ვაპირებთ, თქვენთან ერთად ვითანამშრომლოთ ეკონომიკურ სფეროებში, სოფლის მეურნეობასა და სოციალური განვითარების სფეროებში“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მან აბდულაჰი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაესაუბრება სომალილენდის სურვილზე, შეუერთდეს აბრაამის შეთანხმებებს.

თავის მხრივ, აბდულაჰმა განაცხადა, რომ ის „რაც შეიძლება მალე“ ეწვევა ისრაელს. 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე დაწერა, რომ ორივე ქვეყანაში საელჩოები გაიხსნება და ელჩები დაინიშნებიან.