„ისრაელი ქაოსის ქარხანად იქცა“ - თურქეთის პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუს ჰიტლერს ადარებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაადანაშაულა, რომ იგი „ჰიტლერის გზას მიჰყვება“.
ეს განცხადება ორი ლიდერის მორიგი სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაკეთდა, მას შემდეგ რაც ნეთანიაჰუმ ერდოღანი „ანტისემიტ დიქტატორად“ მოიხსენია და ქურთების წინააღმდეგ „გენოციდის“ ჩადენაში დაადანაშაულა.
„ვინც ჰიტლერის გზას მიჰყვება, არ უნდა დაავიწყდეს, რომ მისი ბედი ისტორიაში სხვა ტირანების ბედს დაემსგავსება.
ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ისრაელი გადაიქცა ქარხანად, რომელიც მხოლოდ ტანჯვას აწარმოებს, სისხლითა და ცრემლებით იკვებება და არაფერს ქმნის, გარდა არასტაბილურობისა და ქაოსისა“, - აცხადებს ერდოღანი.
ბოლო დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მოქმედებები ლიბანსა და სირიაში თურქეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ნეთანიაჰუმ საპასუხოდ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს სამხედრო მოქმედებებს ყველგან, სადაც ეს საჭირო იქნება, რათა გაუმკლავდეს ირანისა და მისი მოკავშირეებისგან მომდინარე საფრთხეებს.
„ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი, რომელიც ქურთების წინააღმდეგ გენოციდს სჩადის, მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“, ავიწროებს საკუთარ ხალხს და პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს, უკანასკნელი ადამიანია, რომელსაც ისრაელისთვის მორალის შესახებ ლექციის წაკითხვა შეუძლია“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.