Loading data...
ისრაელი ევროკავშირს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

„ევროკავშირი ისრაელის, როგორც სუვერენული ქვეყნის, საკანონმდებლო პროცესში ერევა“. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ში წერს.

„ისრაელის წინაშე ტერორიზმის უდიდესი საფრთხე დგას და ამ მასშტაბებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

პალესტინური ტერორიზმი დაფინანსებას იღებს პალესტინის ადმინისტრაციისგან. ის ისრაელის სახელმწიფოს არსებობას ემუქრება. ისრაელის კანონმდებლობის მიხედვით, სიკვდილით დასჯა შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას სასჯელის ამ ფორმის გამოყენებაზე სასამართლო იღებს.

ევროკავშირის მხრიდან, როგორც ყოველთვის, ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებს. ევროკავშირი ამ საკითხში ისრაელზე ამახვილებს ყურადღებას. როდესაც საუბარია სიკვდილით დასჯაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, იაპონია, ინდოეთი, ეგვიპტე და სხვა ქვეყნები, მსგავსი ტიპის განცხადებები ჩვენ არ გვახსოვს“, - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რამდენიმე დღის წინ ისრაელის პარლამენტის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტმა ტერორისტებისთვის განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილით დასჯის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა მომავალ კვირას უნდა მოხდეს.

26 მარტს ევროკავშირმა ისრაელის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიკვდილით დასჯის შესახებ კანონპროექტი ევროკავშირის სერიოზულ აღშფოთებას იწვევს და რომ ევროკავშირი სიკვდილით დასჯას ყველა შემთხვევაში ეწინააღმდეგება.

„სიკვდილით დასჯა არის ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა. ასევე მას შემაკავებელი ეფექტი არ აქვს და სასამართლოში შეცდომის დაშვების შემთხვევაში ის შეუქცევადი ხდება“, - აცხადებენ ევროკავშირში.

ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს, რომ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი შეინარჩუნოს.