Loading data...
„ისრაელი და ლიბანი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“ - აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა ვაშინგტონში გამართული ისტორიული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 14 აპრილს გამართული შეხვედრა არ იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების რეალური დასაწყისი, არამედ ამ მიზნისკენ გადადგმული მოსამზადებელი ნაბიჯი.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიულოცა ორ ქვეყანას ეს ისტორიული ეტაპი და გამოხატა მხარდაჭერა შემდგომი მოლაპარაკებების მიმართ, ასევე, ლიბანის მთავრობის გეგმების მიმართ, აღადგინოს ძალის მონოპოლია და დაასრულოს ირანის დომინანტური გავლენა.

ვაშინგტონმა იმედოვნებს,  რომ მოლაპარაკებები გასცდება 2024 წლის შეთანხმების ფარგლებს და ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას შეძლებს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის შუამავლობით ლიბანში მიღწეულ წინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გულისხმობს, რომელიც „ჰეზბოლას“ განიარაღებას და სამხრეთ ლიბანიდან ძალების გაყვანას ავალდებულებდა - მიზნები, რომლებიც დიდწილად შეუსრულებელი დარჩა.

განცხადებაში აშშ-მა, ასევე, გამოთქვა მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი „ჰეზბოლას“ თავდასხმებისგან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიბანში ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს იერუსალიმსა და ბეირუთს შორის მოლაპარაკებების შედეგი.

„ბეირუთი ხაზს უსვამს ტერიტორიული მთლიანობისა და სრული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპებს და ამავდროულად მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისა და კონკრეტული ზომების მიღებისკენ იმ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად, რომელსაც ქვეყანა მიმდინარე კონფლიქტის შედეგად განიცდის“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

რაც შეეხება ისრაელს, ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე იერუსალიმმა „გამოთქვა მხარდაჭერა ყველა არასახელმწიფო ტერორისტული დაჯგუფების განიარაღებისა და ლიბანში არსებული ყველა ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟის მიმართ და გამოხატა მზაობა, ითანამშრომლოს ლიბანის მთავრობასთან ამ მიზნის მისაღწევად, რათა უზრუნველყოს ორივე ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება“.

„ისრაელი მზადაა, ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში ყველა გადაუჭრელი საკითხის გადასაჭრელად და მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას, რაც გააძლიერებს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ყველა მხარე შეთანხმდა პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე ორმხრივად შეთანხმებულ დროსა და ადგილას“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, თუმცა შემდეგი შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ არის დასახელებული.