ისრაელი და აშშ ირანთან ომის „მეორე ფაზას“ იწყებენ
აშშ-ის ცენტრალური მეთაურობის სარდლის, გენერალ ბრედ კუპერის ცნობით, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომის „მეორე ფაზა“ დაიწყეს. 5-6 მარტს, ღამით, ამერიკელებმა ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენეს, რომლებიც B-2 ტიპის ბომბდამშენებმა ჩამოაგდეს. ახალი შეტევების სამიზნე არის ბალისტიკური რაკეტების მიწისქვეშა შახტები და სამხედრო ქარხნები. ამის შესახებ The Times of Israel იუწყება.
ამერიკელი გენერლის ცნობით, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესაძლებლობა 90%-ით, ხოლო დრონების გამოყენების შესაძლებლობა 83%-ით შემცირდა. ასევე ამერიკელებმა 30 ირანული სამხედრო ხომალდი გაანადგურეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების სარდალმა, გენერალმა ეიალ ზამირმა კი განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალების შეტევების შედეგად ირანის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების 80% იყო განადგურებული, ასევე განადგურებულია ბალისტიკური რაკეტების გაშვების დანადგარების 60%.
აშშ-ის და ისრაელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისლამურ რესპუბლიკაზე იერიშები გაძლიერდება.
როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, შეერთებულ შტატებს აქვთ საბრძოლო მასალების საკმარისი რაოდენობა, რომ ირანის დაბომბვა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს.