Loading data...
ისრაელი აცხადებს, რომ თეირანზე ავიაიერიშის დროს „ყუდსის ძალების“ ლიბანის კორპუსის „დროებითი მეთაური“ მოკლეს

ისრაელის სამხედროების განცხადებით, თეირანზე განხორციელებული იერიშის დროს ირანის „ყუდსის ძალების“ - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საგარეო ოპერაციებზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფის - მეთაური მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ლიკვიდირებულია დაუდ ალი ზადეჰი - „ყუდსის ძალების“ ლიბანის კორპუსის „დროებითი მეთაური“ და ლიბანზე პასუხისმგებელი „უმაღლესი რანგის“ ირანელი მეთაური. ​​

ირანს ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

ზადეს მეთაურობით მოქმედი დივიზია მხარს უჭერს „ჰეზბოლას“ და ფუნქციონირებს, როგორც დამაკავშირებელი რგოლი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობას შორის, განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა.

ზადეჰის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა ავიჩაი ადრაიმ ლიბანში მყოფი „ირანის ტერორის სამინისტროს ყველა დარჩენილი წარმომადგენელი“ გააფრთხილა, რომ დატოვონ ტერიტორია, სანამ ისინიც სამიზნე გახდებიან. მისი თქმით, ირანის „რეჟიმის წარმომადგენლებს“ ტერიტორიის დასატოვებლად 24 საათი აქვთ.

„ამ დროის გასვლის შემდეგ ლიბანში არცერთი ადგილი არ ჩაითვლება ირანის რეჟიმის პერსონალისთვის უსაფრთხო თავშესაფრად. ისრაელის თავდაცვის ძალები სრული ძალით შეუტევენ ამ სამიზნეებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“, - აღნიშნა ადრაიმ.