ისრაელი აპირებს, იერუსალიმში ესპანეთის საკონსულოს 1 ივნისიდან პალესტინელებისთვის მომსახურების გაწევა აუკრძალოს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესპანეთის საელჩოს აცნობა, რომ 1 ივნისიდან იერუსალიმში ესპანეთის საკონსულოს აღარ ექნება უფლება, რომ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ პალესტინელებს მომსახურება გაუწიოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, წერს CNN-ი.
ესპანეთის საელჩო იერუსალიმში უზრუნველყოფს საკონსულო მომსახურებას, მათ შორის ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან პალესტინელებისთვის ვიზების გაცემას.
„სადამსჯელო ზომები ესპანეთის წინააღმდეგ დაწყებულია. ინსტრუქცია ძალაში 1 ივნისიდან შევა. თუ ეს ინსტრუქციები არ შესრულდება, საგარეო საქმეთა სამინისტრო დამატებით ნაბიჯებს გადადგამს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ისრაელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ესპანეთმა, ნორვეგიასთან და ირლანდიასთან ერთად, გასულ კვირას განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს 28 მაისიდან ოფიციალურად აღიარებენ.
ესპანეთის მეორე ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა რამდენიმე დღის წინ X-ში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თქვა: „პალესტინა თავისუფალი იქნება მდინარიდან ზღვამდე“.