Loading data...
ისრაელ კაცი: ისრაელს ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ აქვს, მაგრამ თავის ძალებს დამატებით არ გაიყვანს, სანამ „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება, რომ არა აშშ-ის მხრიდან ზეწოლა, ისრაელი „ჰეზბოლას“ გაანადგურებდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის თქმით, ისრაელს „არ აქვს ტერიტორიული ამბიციები ლიბანში“, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალები „ერთი მილიმეტრითაც“ არ გავლენ იქიდან, სანამ ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება.

ჟურნალისტებთან საუბრისას კაცმა აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელის სამხედროები სამხრეთ ლიბანის სხვა ტერიტორიებიდან გავიდნენ, იმ ორი შეთანხმებული ადგილის გარდა, საიდანაც ისინი საპილოტე პროგრამის ფარგლებში გავლენ და ტერიტორიას კონტროლისთვის ლიბანის არმიას დაუბრუნებენ.

„ხალხმა სუნთქვა არ უნდა შეიკრას იმაზე ფიქრით, თუ რომელი იქნება შემდეგი ადგილი ლიბანში, საიდანაც ისრაელი გავა, რადგან ეს იქამდე არ მოხდება, სანამ „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება. ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული ამბიციები ლიბანში, მაგრამ სანამ „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება, ჩვენ ერთი მილიმეტრითაც არ დავიხევთ უკან“, - აღნიშნა კაცმა.

მისი თქმით, ეს აშშ-მა მიიღო და გათვალისწინებულია გასულ კვირას ისრაელსა და ლიბანს შორის ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმების სამხედრო დანართში. კაცმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ის შეხვდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის უფროსს, ადმირალ ბრედ კუპერს, ისინი შეთანხმდნენ, რომ „ისრაელის თავდაცვის ძალები არ გავლენ უსაფრთხოების სამი ზონიდან - ლიბანში, სირიასა და ღაზაში“.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, რომ არა აშშ-ის მხრიდან ზეწოლა, ისრაელი ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ გაანადგურებდა.  როგორც კაცმა აღნიშნა, ისრაელის თავდაცვის ძალებს დაგეგმილი ჰქონდათ „მასშტაბური“ საჰაერო კამპანია, რომელიც, მისი მტკიცებით, „ჰეზბოლას“ დაშლიდა“ და რომ ტერორისტული ჯგუფი „ირანელებს გადარჩენას ევედრებოდა“.

კაცის თქმით, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ირანი და ლიბანი დააკავშირა“, ისრაელს მოუწია „ბეირუთში შენობების დანგრევის“ შეწყვეტა, თუმცა შეეძლო ლიბანის დედაქალაქში „ჰეზბოლაზე“ „ქირურგიული დარტყმების“ განხორციელება.

„ვწუხვარ ამ კავშირის გამო, მაგრამ ეს ამერიკული ინტერესი იყო. მათ ძალიან, ძალიან სურდათ ირანთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის წინ წამოწევა“, - განაცხადა კაცმა და დასძინა, რომ „როდესაც პარტნიორობაში შედიხარ, მას აქვს უპირატესობები, მაგრამ ასევე გარკვეული შეზღუდვები“.

„ლიბანსა და ირანს შორის კავშირი რომ არ ყოფილიყო, „ჰეზბოლა“ დაიშლებოდა“, - აღნიშნა მან. 

ამასთან, კაცმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს ჯერ კიდევ აქვთ „ჰეზბოლას“ „გვირაბები გასანადგურებელი და ასაფეთქებელი“ და რომ თუ ირანი ლიბანში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით დაესხმება თავს, ისრაელის თავდაცვის ძალები უპასუხებენ და დამოუკიდებლად მოქმედებისთვის ემზადებიან.

„ეს შეიძლება ორ დღეშიც კი მოხდეს. ჩვენ გვაქვს სამიზნეები ირანში დასარტყმელად და ისრაელის თავდაცვის ძალები მზადყოფნაშია და ფხიზლადაა, მაგრამ ჩვენ არ ჩავერევით აშშ-ის პრეზიდენტის ქმედებებში ირანელებთან მიმართებით“, - დასძინა ისრაელ კაცმა.