ისრაელ კაცი: „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტა დროებითია, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში პოზიციებს არ ტოვებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დროებითია და ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის ტერიტორიიდან არ გადიან.
„ისრაელის თავდაცვის ძალები იკავებს და გააგრძელებს ყველა იმ ტერიტორიის შენარჩუნებას, რომელიც გაწმენდილი და დაკავებულია. ლიბანში სახმელეთო მანევრმა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ლიბანის მასშტაბით განხორციელებულმა დარტყმებმა ბევრი მიღწევა მოიტანა, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ისრაელის მიზანს „ჰეზბოლას“ განიარაღება წარმოადგენს.
„ჩვენ ლიბანში ვართ, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის შუაგულში, დროებითი შეჩერებითა და 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტით. ჩვენს მიერ დასახული მიზანი - „ჰეზბოლას“ იარაღის სამხედრო ან დიპლომატიური საშუალებებით დემონტაჟი - იყო და რჩება კამპანიის მიზნად, რომლის მიმართაც ერთგულები ვართ. ეს უნდა გაკეთდეს ან დიპლომატიური გზით, ან ისრაელის სამხედრო მოქმედებების განახლებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულების შემდეგ“, - დასძინა ისრაელ კაცმა.