ისრაელ კაცი: ღაზადან პალესტინელების მასობრივი ემიგრაციის ხელშეწყობის გეგმები კვლავ განხილვის პროცესშია, დონალდ ტრამპმა ისინი უბრალოდ გაყინა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღაზადან პალესტინელების მასობრივი ემიგრაციის ხელშეწყობის გეგმები კვლავ განხილვის პროცესშია და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისინი უბრალოდ „გაყინა“.
„საბოლოო ჯამში, ამ მიგრაციის გარეშე ღაზის პრობლემის რეალური გადაწყვეტა არ არსებობს. 80 პროცენტს ემიგრაცია სურს. ჩვენ ამას ყველანაირი გამოკითხვით ვამოწმებთ. „ჰამასი“ მათ არ უშვებს და მსოფლიოში არ არსებობს ქვეყნები, რომლებიც მათ მიიღებენ. ემიგრაციის დირექტორატი ორგანიზებულია [ღაზელების] გაყვანისთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, ზღვით, ჰაერით და ნებისმიერი საშუალებით“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეგვიპტე, რომელიც ღაზას ესაზღვრება, „არ არის მზად, რომ ეს მისი ტერიტორიის გავლით მოხდეს“.
კაცის თქმით, მთავარი საკითხი ისაა, რომ „ყველა ქვეყანა, რომელიც მზადაა [ხალხის მიღებისთვის], ამერიკის მხარდაჭერას ითხოვს“.
„ამ ეტაპზე ტრამპმა ის არ გააუქმა; მან ის გაყინა. ამ საკითხთან დაკავშირებით ზეწოლის გამო ყველა არაბული ქვეყანა მასთან მივიდა და უთხრა: ყველაფერს მოგცემთ, რაც გსურთ - ინვესტიციებს. უზრუნველვყოფთ „ჰამასის“ განიარაღებას, მისი გაყინვის სანაცვლოდ“, - აღნიშნა კაცმა.
კითხვაზე, თუ როდის დადგება ღაზიდან მოსახლეობის გაყვანის მომენტი, ისრაელ კაცმა უპასუხა: „როდესაც გაირკვევა, რომ „ჰამასი“ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს აშშ-ის გეგმის მიხედვით, რომელიც სექტორთან დაკავშირებით არსებობს“.