Loading data...
ისრაელ კაცი: ანტისემიტ გრეტას და მის თანამებრძოლ „ჰამასის“ პროპაგანდისტებს ნათლად ვეუბნები - უკან უნდა დაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, რომ არ დაუშვან, გემმა, რომლის ბორტზეც გრეტა თუნბერგი იმყოფება ღაზის სექტორის სანაპირომდე მიაღწიოს.

,ისრაელ კაცის თქმით, „ბლოკადის დარღვევის ან ტერორისტული ორგანიზაციების დახმარების მცდელობებს“ არ დაუშვებს.

„ანტისემიტ გრეტას და მის თანამებრძოლ „ჰამასის“ პროპაგანდისტებს ნათლად ვეუბნები: უკან უნდა დაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ.

მე ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან „მადლენის“ სიძულვილის ფლოტილიამ ღაზას სანაპიროებს მიაღწიოს და ამისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ.

ისრაელის სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას დაარღვიოს ღაზას საზღვაო ბლოკადა, რომლის მთავარი მიზანია იარაღის გადაცემის თავიდან აცილება „ჰამასისთვის“, მკვლელი ტერორისტული ორგანიზაციისთვის, რომელიც ჩვენს მძევლებს აკავებს და ომის დანაშაულებს ჩადის“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

ცნობისთვის, გემი, რომლის ბორტზეც შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის გარდა 11 აქტივისტი იმყოფება, ღაზის სექტორის მიმართულებით სიცილიიდან გასულ კვირას გავიდა.

აქტივისტების განცხადებით, მათ მისიას ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევა და ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება წარმოადგენს.