Loading data...
ირლანდიის პრემიერმა დაადასტურა, რომ ირლანდიაში ვიზიტის დროს ზელენსკის თვითმფრინავს ოთხი ამოუცნობი დრონი აკვირდებოდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა განაცხადა, რომ მას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ირლანდიაში ჩასვლის ღამეს უცნობი დრონების ინციდენტის შესახებ აცნობეს.

უელსში ბრიტანულ-ირლანდიური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის განსახილველად დეკემბრის ბოლოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

„საკმარისია იმის თქმა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა აქტივობა კიბერუსაფრთხოების სფეროში, საზღვაო საკითხებთან და დრონებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამ კვირაში ზელენსკის ირლანდიაში ვიზიტის დროს ჩატარებული უსაფრთხოების ოპერაცია „განსაკუთრებით კარგად“ წარიმართა. მარტინმა დასძინა, რომ ის დრონების საწინააღმდეგო ოპერაციების კონტექსტში გაანალიზდება.

ამავდროულად, მან უარი თქვა იმის თქმაზე, იყო თუ არა რუსეთი ჩართული ინციდენტში და აღნიშნა, რომ თავს შეიკავებს კომენტარის გაკეთებისგან, „სანამ სრული ანალიზი არ ჩატარდება“.

ცნობისთვის, გამოცემა The Journal-ი წერდა, რომ ოთხი ამოუცნობი სამხედრო ტიპის დრონი აკვირდებოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიას მისი ირლანდიაში ვიზიტის დროს.

ირლანდიელი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიზანი ზელენსკის თვითმფრინავის ირლანდიაში ჩასვლის ჩაშლა იყო, რადგან დრონებს შუქები ჩართული ჰქონდათ.