IRGC ამერიკულ ბაზებზე დარტყმით იმუქრება, თუ ამერიკელები ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას გააგრძელებენ
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე დარტყმით იმუქრება, თუ ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას გააგრძელებენ.
„აშშ-ის სამხედროებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, კონფლიქტი რეგიონში მათ ბაზებზეც გავრცელდება“, - ნათქვამია გვარდიის მიერ Sepah News-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ირანის გუშაგთა კორპუსში“ დასძენს, რომ „ეს სერიოზული გაფრთხილებაა“.
როგორც მედია წერს, ირანი აცხადებს კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე, სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტზე, რომლის გავლითაც თებერვალში ომის დაწყებამდე მსოფლიო ნავთობის მარაგების ერთი მეხუთედი გადიოდა.
ირანი რეგულარულად ესხმის თავს იმ გემებს, რომლებიც სრუტეში მისი ნებართვის გარეშე გადაადგილებას ცდილობენ.თუმცა, აშშ-ის სამხედროები სულ უფრო მეტი რაოდენობის გემს უწევენ ესკორტირებას ამ საზღვაო დერეფანში, რასაც ირანი თავდასხმების გააქტიურებით პასუხობს.
ირანის შეიარაღებული ძალების ცნობით, ღამით ამ ტერიტორიაზე გადაადგილების მცდელობისას, ოთხი გემი გახდა თავდასხმის სამიზნე.
ამავდროულად, ვაშინგტონი ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას აგრძელებს, რათა ქვეყნის ეკონომიკაზე ზეწოლა გააძლიეროს, მაშინ, როდესაც კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
ჰორმუზის სრუტეს ჩრდილოეთით ირანი, ხოლო სამხრეთით ომანი ესაზღვრება. ყველაზე ვიწრო მონაკვეთში მისი სიგანე მხოლოდ დაახლოებით 30 კილომეტრია. ეს უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია იმ გემებისთვის, რომლებსაც სპარსეთის ყურის ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყნებიდან ნავთობი და ბუნებრივი აირი გადააქვთ.