Loading data...
ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც იანვარში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამხედრო ობიექტზე თავდასხმაში მონაწილეობისთვის იყო მსჯავრდებული

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამხედრო ობიექტზე თავდასხმაში მონაწილეობისთვის იყო მსჯავრდებული, იტყობინება CNN-ი ადგილობრივ ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით. 

მამაკაცმა „სცადა სამხედრო ცენტრში შესვლა და მისი განადგურება, რათა იქ არსებული იარაღი ხელში ჩაეგდო“, - იუწყება ადგილობრივი მედია და წერს, რომ მამაკაცი, სახელად ამირჰოსეინ ჰატამი, დღეს დილით ჩამოახრჩვეს.

ამავე ცნობით, ჰატამიმ დაკითხვის დროს ბრალდებები აღიარა.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში სიკვდილით დასჯის სულ მცირე 9 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა ეს მაჩვენებელი სავარაუდოა, რადგან სიკვდილით დასჯის მრავალი შემთხვევა საჯაროდ არ მჟღავნდება და გამჭვირვალობა შეზღუდულია, განსაკუთრებით არეულობისა და კონფლიქტის პერიოდებში.

ჰატამი იმ მომიტინგეთა შორის იყო, რომლებიც, Amnesty International-ის ცნობით, ამ კვირაში სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ოთხი მამაკაცი „თვითნებურად, საიდუმლოდ 24 საათის განმავლობაში სიკვდილით დასაჯეს“.