ირანში სასამართლოს შენობაზე თავდასხმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა

26 ივლისს სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მდებარე სასამართლოს შენობაზე უცნობმა პირებმა იარაღითა და ხელყუმბარებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Welle ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში, პაკისტანისა და ავღანეთის საზღვრებთან ახლოს მოხდა. თავდასხმის სამიზნე ზაჰედანის სასამართლოს შენობა იყო.
პროვინციის პოლიციის მეთაურის მოადგილემ ალირეზა დალირიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა შენობაში შესვლა სცადეს, როგორც ვიზიტორებმა. მისივე თქმით, თავდამსხმელებმა დაწესებულებაში ხელყუმბარა ისროლეს, რის შედეგადაც შიგნით მყოფი რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, დაღუპულთა შორის სულ მცირე ექვსი მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის დედა-შვილი. ასევე, ლიკვიდირებულია სამივე თავდამსხმელი. ათზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
ცნობისთვის, სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში ხშირად ხდება შეტაკებები უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს, მათ შორის სუნიტურ მებრძოლ დაჯგუფება Jaish al-Adl-ს (სამართლიანობის არმია) შორის, რომელიც ირანის ეთნიკური ბელუჯებისთვის უფრო მეტ უფლებებსა და ავტონომიას მოითხოვს.