Loading data...
ირანში აქციების დროს დაღუპული ადამიანების რიცხვი 1123-მდე გაიზარდა, აშშ სამხედრო ჩარევას განიხილავს - CNN

ირანში მზარდი საპროტესტო აქციების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში სამხედრო მოქმედებების შესაძლო ვარიანტების ფართო სპექტრს განიხილავს, - ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ამერიკული მედიის ცნობით, არეულობის დროს, სულ მცირე, 544 ადამიანი დაიღუპა. 

ირანში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის (ასევე ცნობილია, როგორც HRA) ცნობით, 579 დაღუპულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. 

„დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1123-მდე გაიზარდა, ასევე დაკავებულია სულ მცირე 10675 ადამიანი, მათ შორის 169 ბავშვი“, - იტყობინება მედიასაშუალება ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით. 

აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროების ცნობით, ტრამპი ირანში სამხედრო მოქმედებების რამდენიმე პოტენციურ ვარიანტს განიხილავს.

„გუშინ დარეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს“, - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ „არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ“.

ესენი არიან მოძალადეები. თუ საერთოდ შეიძლება მათ ლიდერები ვუწოდოთ - არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ“, - აცხადებს ტრამპი.

ინფორმაციისთვის, ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობს. ის ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული უკმაყოფილებით დაიწყო, თუმცა მალევე პოლიტიკურ აქციებში გადაიზარდა.