„ესეც დაემხობა“ - აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში ტრამპის კარიკატურას აქვეყნებს
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კარიკატურას აქვეყნებს წარწერით „ესეც დაემხობა“.
ხამენეის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე ტრამპი სარკოფაგშია გამოსახული, რომელიც იმსხვრევა.
„ამ კაცმა, რომელიც ამპარტავნულად და სიამაყით ზის და მთელ მსოფლიოს განსჯის, ისიც უნდა იცოდეს, რომ, როგორც წესი, მსოფლიოს ტირანები და ამპარტავნები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი (ბიბლიური მითური ფიგურა), რეზა ხანი, მოჰამედ რეზა და მისნაირები, ტახტიდან ჩამოაგდეს. ისინი ტახტიდან მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც თავიანთი სიამაყის მწვერვალზე იყვნენ და ტრამპსაც ჩამოაგდებენ“, – აღნიშნულია ირანის სულიერი ლიდერის პოსტში.
آن بابایی که با نخوت و غرور نشسته آنجا راجع به همهی دنیا قضاوت میکند، او هم بداند که معمولاً مستبدّین و مستکبران عالم، از قبیل فرعون و نمرود و رضاخان و محمّدرضا و امثال اینها، وقتی که در اوج غرور بودند سرنگون شدند،
— KHAMENEI.IR | فارسی (@Khamenei_fa) January 11, 2026
این هم سرنگون خواهد شد.#مثل_فرعون pic.twitter.com/hxzJVQQOiL
ინფორმაციისთვის,მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გასულ დღეებში ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.
ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობს. ის ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული უკმაყოფილებით დაიწყო, თუმცა მალევე პოლიტიკურ აქციებში გადაიზარდა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანში აქციების დროს დაღუპული ადამიანების რიცხვი იზრდება.
ტრამპმა 12 იანვარს განაცხადა, რომ ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ და ამ მიზნით დაურეკეს.
„გუშინ დარეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს“, - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.