Loading data...
ირანმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ

28 მაისს, გამთენიისას, ოთხ გემს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გავლას ცდილობდნენ, ირანის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს და ისინი იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. ამის შესახებ CNN-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს. 

„ოთხმა გემმა სცადა ჰორმუზის სრუტის გავლა და სპარსეთის ყურეში შესვლა სრუტეზე პასუხისმგებელ უსაფრთხოების ძალებთან კოორდინაციის გარეშე“, - იტყობინება ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული რამდენიმე მედიასაშუალება სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.

„ისინი გააფრთხილეს და გაფრთხილების იგნორირების შემდეგ მათი მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განხორციელდა, რითაც უკან გაბრუნება აიძულეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ იტყობინება, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა „ამერიკული ნავთობტანკერის“ მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც მას უკან დახევა აიძულეს.

„საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა „ცეცხლი გახსნეს ბანდარ-აბასის მახლობლად მდებარე უნაყოფო ტერიტორიაზე“, სტრატეგიულ საპორტო ქალაქზე, სადაც აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 28 მაისის დილას გავრცელდა, იუწყება სააგენტო „ტასნიმი“.

მანამდე აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-ის სამხედროებმა ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდეს და ბანდარ-აბასში ირანის სახმელეთო კონტროლის პუნქტს დაარტყეს, საიდანაც მეხუთე დრონის გაშვებას აპირებდნენ.

აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ ირანმა ამერიკულ ავიაბაზაზე მიიტანა იერიში. ირანის გუშაგთა კორპუსმა აშშ გააფრთხილა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, საპასუხო ზომებს მიიღებს.