ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების გამოძიებისკენ მოუწოდა
ირანმა გაეროს მოუწოდა, გამოიძიოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები და ამტკიცებს, რომ ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია ზიანს აყენებს რიგით ირანელებს და არღვევს საერთაშორისო სამართალს. წერს CNN.
„თეირანი გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვს, შეაფასოს და მოამზადოს ანგარიში ამ ქმედებების ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებებზე გავლენის შესახებ“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გაეროს გენერალური მდივნის, გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტისა და გაეროს წევრი სახელმწიფოებისადმი გაგზავნილ წერილში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ წერილში თეირანმა აღწერა თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რასაც არაღჩი აშშ-ის მხრიდან ირანის წინააღმდეგ მიმართულ „ეკონომიკურ ტერორიზმს“ უწოდებს.
არაღჩიმ გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის მიერ დაწესებული ზომების გავლენა საკვებზე, მედიკამენტებზე, ჯანდაცვაზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ჰუმანიტარულ დახმარებასა და სხვა აუცილებელ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობაზე.
მან, ასევე, მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დაგმონ ვაშინგტონის მიერ დაწესებული, როგორც თავად უწოდა, ცალმხრივი იძულებითი ზომები და მეორეული სანქციები.
ირანმა მთავრობებს მოუწოდა, არ აღიარონ და არ განახორციელონ სანქციები, რომლებიც, თეირანის განცხადებით, სხვა ქვეყნებზე ზეწოლის მიზნით არის შექმნილი, რათა მათ ირანთან არსებული კანონიერი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები შეცვალონ.
არაღჩიმ, ასევე, მოუწოდა აშშ-ს, შეწყვიტოს მესამე ქვეყნებსა და კომპანიებზე ზეწოლა, რათა შეამცირონ ეკონომიკური კავშირები ირანთან.