ირანმა აშშ-ის ძალებზე იერიშებისთვის Starlink-ი გამოიყენა
„ირანმა ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებისთვის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტსერვისი Starlink-ი გამოიყენა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კამპანიის პირველივე კვირაში მსგავსი, ორი შემთხვევა დაფიქსირდა. არასანქცირებული წვდომის გამოყენებით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ კოორდინაციას უწევდა საკუთარ ქვედანაყოფებს და მართავდა მოიერიშე დრონებს, რომლებითაც რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს უტევდნენ.
სტატიის მიხედვით, მომხდარის შესახებ სპეციალური მოხსენება აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს წარედგინა. თუმცა სააგენტო Reuters-თან კომენტარში პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის მსგავსი დოკუმენტის არსებობის შესახებ ცნობილი არ არის.
წყაროების ინფორმაციით, SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი გაბრაზდა, როდესაც შეიტყო, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგე მხარე მის ტექნოლოგიას იყენებდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა Starlink-ის ტერმინალები ირანელი სამხედროების ხელში, თუმცა მოწყობილობები ქვეყანაში არალეგალურად შეჰქონდათ.