ირანისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს ომანში გაიმართება
ირანისა და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათ ქვეყნებს შორის შეხვედრა პარასკევს, 6 თებერვალს, ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფორმატისა და ადგილმდებარეობის შესახებ უთანხმოების გამო ჩაიშალა, რამაც მოლაპარაკებების ბედი ეჭვქვეშ დააყენა.
თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები პარასკევს მასკატშია დაგეგმილი. „მადლობელი ვარ ჩვენი ომანელი ძმების ყველა საჭირო ღონისძიებისთვის“, - დაწერა მან X-ზე.
თეთრი სახლის წარმომადგენლებმა საინფორმაციო სააგენტოებს დაუდასტურეს, რომ შეხვედრა ხვალ, 6 თებერვალს, ომანში გაიმართება.
მოლაპარაკებების დადასტურების მიუხედავად, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ მხარეებმა დღის წესრიგთან დაკავშირებით საერთო ენა გამონახეს.
ირანს სურს, რომ მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნებთან მისი ხანგრძლივი ბირთვული დავის განხილვით შემოიფარგლოს. თუმცა 4 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განსხვავებული შეხედულება წარმოადგინა და ჟურნალისტებს განუცხადა: „თუ ირანელებს შეხვედრა სურთ, ჩვენ მზად ვართ“.
მან დასძინა, რომ მოლაპარაკებებში, ბირთვული საკითხების გარდა, უნდა შედიოდეს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერა და საკუთარი ხალხის მიმართ მოპყრობა.
ირანის მაღალჩინოსანმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ირანის სარაკეტო პროგრამა მოლაპარაკებების „მაგიდიდან მოხსნილია“. კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ირანელმა განაცხადა, რომ თეირანი მიესალმება ბირთვულ დავაზე მოლაპარაკებებს, თუმცა აშშ-ის დაჟინებულმა მოთხოვნამ არაბირთვული საკითხების მოგვარებაზე შესაძლოა, მოლაპარაკებებს საფრთხე შეუქმნას.