ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი: აშშ-ის ან სხვა ნებისმიერი უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ თავდასხმა განხორციელდება, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეში შევლენ
აშშ-ის ან სხვა ნებისმიერი უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ თავდასხმა განხორციელდება, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეში შევლენ, - ამის შესახებ CNN-ის ცნობით, „ხატამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის, ასევე, ირანის სამხედრო საგანგებო სიტუაციების სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ალი აბდოლაჰიმ განაცხადა.
მან გააფრთხილა, რომ ირანი „მთელი ძალით“ დაიცავს სრუტის უსაფრთხოებას.
ალი აბდოლაჰიმ ხაზი გაუსვა, რომ ირანული ძალები „მკაცრად უპასუხებენ“ ნებისმიერ საფრთხეს და კომერციულ გემებსა და ნავთობტანკერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი გადაადგილებისგან ირანის სამხედროებთან კოორდინაციის გარეშე.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება ჩვენს ხელშია და რომ გემების უსაფრთხო გავლა შეიარაღებულ ძალებთან უნდა იყოს კოორდინირებული. ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერ უცხოურ შეიარაღებულ ძალაზე, განსაკუთრებით აგრესიულ აშშ-ის არმიაზე, თავდასხმა განხორციელდება, თუ ისინი ჰორმუზის სრუტესთან მიახლოებას და სრუტეში შესვლას დააპირებენ“, - ხაზგასმით აღნიშნა აბდოლაჰიმ.