Loading data...
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას „არ შეუძლია დაადასტუროს“ უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრების ბედი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაეიმ განაცხადა, რომ მას „არ შეუძლია, დაადასტუროს“, არიან თუ არა უვნებლად ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრები, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნეები იყვნენ. 

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ NBC News-ს განუცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი „ცოცხალია“, თუმცა ირანმა „შესაძლოა, ერთი, ან ორი მეთაური დაკარგა“.

ირანის უზენაესი ლიდერის ოფისებსა და რეზიდენციებზე დარტყმების შესახებ ცნობების ფონზე, BBC-იმ ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელს სთხოვა, დაადასტუროს, ან უარყოს ეს ინფორმაცია.

„შემიძლია, გითხრათ, რომ ქვეყნის მასშტაბით ბევრ ადგილას, ბევრ სამიზნეზე დარტყმები განხორციელდა“, - ამბობს ბაღაეი და აცხადებს, რომ 150-ზე მეტი გოგონა მოკლეს და დაასახიჩრეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა სხვა არაბული ქვეყნებიც დაბომბა. ბაღაეი ამბობს, რომ აშშ-მა ეს ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აგრესიული დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენა და დასძენს: „ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრებს“.

„ჩვენ არ ვესხმით თავს რეგიონში არცერთ ქვეყანას, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ჩვენს არაბ მეზობლებთან. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ, არის თავდაცვის აქტის განხორციელება ამ [ამერიკული] ბაზებზე“, - ამბობს ის.