Loading data...
არაღჩი: რამდენადაც მე ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი ცოცხალია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა სეიედ ალი ხამენეი ცოცხალია. 

„თითქმის ყველა მაღალჩინოსანი უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და ცოცხალია. შესაძლოა, ერთი, ან ორი მეთაური დავკარგოთ, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის“, - განაცხადა არაღჩიმ თეირანიდან პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ამასთან, არაღჩიმ აღნიშნა, რომ ესაუბრა სპარსეთის ყურეში მყოფ „კოლეგებს“, რათა მათთვის ეთქვა, რომ ირანს მათზე თავდასხმის განზრახვა არ ჰქონდა, არამედ თავდაცვის მიზნით აშშ-ის ბაზებს დაარტყა. 

არაღჩიმ გააკრიტიკა აშშ ირანთან მოლაპარაკებებში ჩართვისა და შემდეგ თავდასხმის დაწყების გამო. ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ჟენევაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 26 თებერვალს დაასრულეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი დაინტერესებულია დეესკალაციით. „ამჟამად კომუნიკაცია არ გვაქვს, მაგრამ თუ ამერიკას ჩვენთან საუბარი სურს, მათ იციან, როგორ შეუძლიათ ჩემთან დაკავშირება“, - დასძინა არაღჩიმ.