ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში, თეირანი რეაგირებისთვის მზად იქნება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკა „მზადაა“, თუ აშშ ქვეყნის წინააღმდეგ „სამხედრო მოქმედებების გამოცდას“ მოისურვებს.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ქმედებისთვის. თუ მათ სურთ სამხედრო მოქმედებების გამოცდა, რომელიც ერთხელ გამოცადეს და შედეგს ვერ მიაღწიეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა არაღჩიმ Al Jazeera Arabic-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ ირანი ახლა უფრო მზადაა საკუთარ ტერიტორიაზე დარტყმების მოსაგერიებლად, ვიდრე გასული წლის ივნისში ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს იყო.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მომხდარი სისხლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში შესაძლო სამხედრო მოქმედებების ვარიანტებს განიხილავს, განუცხადა CNN-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი მზადაა, დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩაერთოს და რომ თეირანი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი „გონივრულ ვარიანტს“ აირჩევს. ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ირანის ლიდერებმა მას მოლაპარაკებებისთვის დაურეკეს.