ირანის რევოლუციური გვარდიის სპიკერმა დონალდ ტრამპს „დიდი მატყუარა“ უწოდა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპიკერმა ჰოსეინ მოჰებიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიდი მატყუარა“ უწოდა და მას ბრალი დასდო ამერიკელებისთვის სიმართლის დამალვაში როგორც ირანის ბირთვულ პროგრამასთან, ისე სპარსეთის ყურიდან ენერგორესურსების მიწოდების ირანული ბლოკადის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„მტერმა [აშშ-მა] იცის, რომ ირანი ბირთვული იარაღისკენ არ ისწრაფვის. ირანთან დაკავშირებით მათი პრობლემა არა ქვეყნის ბირთვული პროგრამა, არამედ მისი მასშტაბურობაა, რომლის განადგურებაც სურთ“, - განაცხადა ჰოსეინ მოჰებიმ.
მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის მტკიცება, თითქოს ირანმა ჰორმუზის სრუტეზე გავლენის უდიდესი ნაწილი დაკარგა - ნაწილობრივ იმის გამო, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ყურიდან ნავთობის გადამზიდავი ზოგიერთი ტანკერის დაცვა შეძლეს.
„ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა შესაძლოა, დიდი დანახარჯების, სერიოზული სირთულეებისა და მაღალი რისკის ფასად მოახერხონ მცირე ზომის გემის გატარება ჰორმუზის სრუტეში სიბნელის საფარქვეშ, ვთქვათ, 100, ან 200 ბარელი ნავთობის გასატანად, არ ნიშნავს, რომ სრუტე ღიაა“, — განაცხადა მოჰებიმ.
Kpler-ის მონაცემებით, სექტემბერში ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ექსპორტი აღდგა და მოსალოდნელია, რომ დღეში თითქმის 10 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც ომამდელი მოცულობის დაახლოებით ნახევარია.