Loading data...
ირანის რევოლუციური გვარდიის მრჩეველი აცხადებს, რომ ირანმა შესაძლოა, ომი იქამდე გაახანგრძლივოს, სანამ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა არ ამოიწურება

ირანმა შესაძლოა, აშშ-თან ომი იქამდე „გაახანგრძლივოს“, სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობიდან არ წავა, განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მთავარმა მრჩეველმა.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეკავების ძალას, რათა მტერმა ვერასდროს გაბედოს ჩვენზე თავდასხმა და შევძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება. ერთ-ერთი გზა ამ ომის იმ დრომდე გაჭიანურებაა, სანამ საპრეზიდენტო უფლებამოსილების შემდეგ ვადამდე არ მივალთ და მოწინააღმდეგეს არ გამოვფიტავთ, რათა თუ ვინმე სხვა ირანზე თავდასხმას მოინდომებს, იცოდეს, რომ ამას თავისი ფასი ექნება“, - განაცხადა მოჰამად რეზა ნაყდიმ. 

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ამჟამად ირანი ომს აკონტროლებს, მან უპასუხა: „რა თქმა უნდა, გამარჯვება ჩვენს მხარესაა“.

მისი თქმით, ვაშინგტონი „ომს სტრატეგიის გარეშე“ აწარმოებს. 

„ყოველ ორ-სამ დღეში ისინი ახალ მიზანს აცხადებდნენ“, მათ შორის ხარგის კუნძულზე შეჭრას და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას“, - აღნიშნა ნაყდიმ.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტ გამოცდილებას შევიძენთ. ჩვენ არასდროს გვინახავს ნამდვილი ომი, რომ რეალური გამოცდილება მიგვეღო და ამერიკასთან ბრძოლა გვესწავლა. ამ ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ ეს ვისწავლეთ. ასევე, ვნახეთ, თუ რამდენად სუსტია ამერიკული არმია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა“, - დასძინა ნაყდიმ.

ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ გემების დაბომბვასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ იმ გემებს, რომლებიც ირანის კონტროლის მიღმა არსებულ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, „შესაძლოა, მტრისთვის მარაგი გადაჰქონდეთ“.

მისივე თქმით, ირანი ყოველდღიურად უფრო მეტ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე იყენებს.

„თუ დადგება დღე, როდესაც ირანს რაკეტები აღარ დარჩება, სწორედ მაშინ ჩვენ კიდევ უფრო საშიშები გავხდებით ამერიკისთვის,რადგან ამერიკას ათასობით ეკონომიკური ინტერესი აქვს მთელ მსოფლიოში და ყველა მათგანის განადგურება ადვილად შეიძლება“, - დასძინა ირანელმა მაღალჩინოსანმა.