„ირანის რევოლუციური გვარდია“ დონალდ ტრამპის განცხადებას ეჭვქვეშ აყენებს
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ თეირანთან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები“ უკვე დამტკიცებულია.
IRGC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის ოფიციალურ პირებს ტრამპის ეს განცხადება ჯერ არ დაუდასტურებიათ.
„მიუხედავად იმისა, რომ ირანის ოფიციალურ პირებს ტრამპის განცხადებებზე ჯერ პასუხი არ გაუციათ, უნდა აღინიშნოს, რომ ომის დაწყების შემდეგ ტრამპმა არაერთხელ გააკეთა ურთიერთგამომრიცხავი და არაზუსტი განცხადებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის ნახევრად ოფიციალურმა სააგენტომ Tasnim-მა, რომელიც IRGC-სთან მჭიდრო კავშირშია, ასევე, გამოეხმაურა ტრამპის განცხადებებს და აღნიშნა, რომ თეირანთან მოლაპარაკებების პროგრესზე მისი სიტყვები სანდოდ არ უნდა ჩაითვალოს, სანამ ირანი შეთანხმებას ოფიციალურად არ დაადასტურებს.
„სანამ ირანი ოფიციალურად არ გამოაცხადებს რაიმე პოტენციურ შეთანხმებას, ტრამპის ნებისმიერი განცხადება ამ საკითხზე უნდა შეფასდეს ისევე, როგორც მისი წინა განცხადებები და გზავნილები“, - განაცხადა Tasnim-მა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო დარტყმები გააუქმა, რადგან ირანთან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები“ უკვე დამტკიცებულია.