ირანის პრეზიდენტი ტრამპთან გაფორმებულ მემორანდუმს ომიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო გზად მიიჩნევს
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი აცხადებს, რომ აშშ-სთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ქვეყნისთვის საუკეთესო გზა იყო იმ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რომელსაც ის „არც ომს და არც მშვიდობას“ უწოდებს.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრები მიიჩნევდნენ, რომ მემორანდუმი საუკეთესო შესაძლო შეთანხმებას წარმოადგენდა და ის ღირსების, გონივრულობისა და ეროვნული ინტერესების პრინციპებს ეფუძნებოდა.
„ამ შეთანხმებაში არ არის არც ერთი დებულება, რომელიც კაპიტულაციას ნიშნავს. უზენაესი ლიდერი განსაზღვრავს პოლიტიკას და ჩვენ ამ გზას მივყვებით“, - განაცხადა ფეზეშკიანმა.
ფეზეშკიანი ხაზს უსვამს, რომ თეირანი არ აპირებს უკან დაიხიოს მოწინააღმდეგეების წინაშე, თუმცა შეთანხმებას ირანის ეკონომიკურ პერსპექტივებსაც უკავშირებს და დასძენს, რომ არსებული ჩიხური მდგომარეობის პირობებში ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვას ვერ შეძლებს.
ცნობისთვის, როგორც ირანის პრეზიდენტი აცხადებს, ირანის ეკონომიკა სანქციების გამო მძიმე მდგომარეობაშია. ამას ემატება საზღვაო ბლოკადა, რომელიც ქვეყანას მნიშვნელოვნად ურთულებს ნავთობის, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტის გატანას.
ე.წ. ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივნისში ხელი მოაწერა, ომის დასრულებისა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად 60-დღიანი ვადა ჰქონდა განსაზღვრული. ეს ვადა გასულ კვირას ამოიწურა, თუმცა მხარეები კვლავ მნიშვნელოვნად არიან დაშორებული ერთმანეთის პოზიციებს და კომპრომისის ნიშნები არ ჩანს ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე, რომელიც გლობალური საზღვაო ვაჭრობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.