Loading data...
ირანის პრეზიდენტი: ჩვენ წინაშე არსებული გარემოებები რევოლუციის შემდეგ ყველაზე რთულია, ახლა ზეწოლა მიმართულია იმისკენ, რომ ხალხს პროტესტისკენ უბიძგონ

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანი სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.

პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ სანქციები ეტაპობრივად გაძლიერდა, რასაც მოგვიანებით სამხედრო დაპირისპირებაც მოჰყვა.

„სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა. სანქციები არსებობდა და კიდევ უფრო გაიზარდა. შემდეგ სანქციები დააწესეს ჩვენს ბანკებსა და ფინანსურ ოპერაციებზე. ამით არ დაკმაყოფილდნენ და ომი წამოიწყეს. ესეც არ იკმარეს და კუთხეში ჩვენს მიმწყვდევას შეეცადნენ“, “, - განუცხადა პეზეშკიანმა ირანის ოფიციალურ მაუწყებელს. 

ირანის პრეზიდენტმა დასძინა, რომ საგარეო ზეწოლის მიზანი ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტება იყო.

„ახლა ყველა გეგმა, რომელსაც ისახავენ და ზეწოლა, რომელსაც მიმართავენ, ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას და, როგორც თვითონ ამბობენ, პროტესტის წაქეზებას ემსახურება“, - აღნიშნა პეზეშკიანმა და დასძინა, რომ „ირანმა ამ წნეხს ეროვნული ერთიანობის წყალობით გაუძლო“.