ირანის პარლამენტის სპიკერი მოსახლეობას ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზის მოხმარების მინიმუმ 10%-ით შემცირებისკენ მოუწოდებს
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი გაზის მოხმარების მინიმუმ 10%-ით შემცირების კამპანიის დაწყების მოწოდებით გამოდის. ოფიციალური პირები კი ზამთრის მოახლოებასთან ერთად დეფიციტის გაჩენას ვარაუდობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, ქვეყანა დიდი ხანია გაზის დეფიციტს განიცდის. ბუნებრივი აირი გათბობის სისტემების მუშაობისთვის აუცილებელია. მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან ომმა, რომელიც თებერვალში დაიწყო.
თეირანის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების ყველაზე ინტენსიური ფაზის დროს, რომელიც თითქმის 40 დღე გაგრძელდა, ორმა ქვეყანამ ირანის საკვანძო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბუნებრივი აირის გადამმუშავებელ ქარხნებზე მიიტანა იერიში.
ირანში ზამთარში ტემპერატურა ხშირად ნულ გრადუსზე დაბლა ეცემა, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
„მოახლოებული ზამთრის გადასატანად აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი ძალისხმევა, რათა გაზის მოხმარება მინიმუმ 10%-ით შემცირდეს. ყველა, ვინც გაზს დაზოგავს, დაზოგილი რაოდენობის მიუხედავად, შესაბამის თანხას დაუყოვნებლივ მიიღებს საკუთარ საბანკო ანგარიშზე. ეს ყველას საშუალებას მისცემს, ნათლად დაინახოს, რა გავლენას ახდენს გაზის დაზოგვა მისი ოჯახის ბიუჯეტზე“, - აცხადებს ღალიბაფი ირანული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.