Loading data...
ირანის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინამ ირანული გემის ჩაძირვით მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უკრაინელ კოლეგასთან ანდრეი სიბიგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანული კომერციული გემის ჩაძირვით მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს. 

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა განზრახ არ მომხდარა და უკრაინა ესკალაციას არ ცდილობს. ესკალაცია არც ირანის ინტერესებშია, თუმცა მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებსა თუ ინტერესებზე ნებისმიერი თავდასხმა მიუღებელია. მიყენებული ზარალი აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს“, - აღნიშნა არაღჩიმ. 

ინფორმაციისთვის, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანულ სავაჭრო გემზე კასპიის ზღვაში 26 ივლისს, დილით თავდასხმა განხორციელდა.

ინციდენტის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა.

თეირანის განცხადებით, ეს თავდასხმა უკრაინის მხრიდან ირანის მიმართ „არარაციონალურ და მტრულ დამოკიდებულებას“ გამოხატავს.

26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების კომენტირებისას, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ „ირანიდან სამხედრო ტვირთის გადაზიდვაში ჩართულ გემებზე იერიში მიიტანეს“.