Loading data...
ირანის დაზვერვის მინისტრი: ირანის დაზვერვის მიერ ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება

ირანის დაზვერვის მიერ ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ირანის დაზვერვის მინისტრმა ისმაილ ხატიბიმ განაცხადა.

ირანის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ისევე, როგორც ეს დოკუმენტებია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია მათი ირანისთვის გადაცემის მეთოდები და სწორედ ამიტომ დასჭირდა ამბის გამოცხადებას დრო, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ქვეყანაში მათი სრული უსაფრთხოების დაცვით გადატანა.

„ამის გადაცემას დრო დასჭირდება და ეს ძლიერ უსაფრთხოების ზომებს საჭიროებს. გადაცემის მეთოდები კონფიდენციალური დარჩება, მაგრამ დოკუმენტები მალე უნდა გამოქვეყნდეს“, - აცხადებს ისმაილ ხატიბი.

ხატიბის თქმით, დოკუმენტები ისრაელის ბირთვულ ობიექტებს და მის ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან, ასევე მის თავდაცვით შესაძლებლობებს უკავშირდებოდა.

„დოკუმენტები, ღვთის ნებით, მალე გამოქვეყნდება. ამ მიმართულებით დაიგეგმა ყოვლისმომცველი და კომპლექსური ოპერაცია, რომელიც თავდაპირველად დაიწყო რესურსების შეღწევითა და მოზიდვით, ასევე, ამ რესურსებზე წვდომით. რესურსებზე ეს წვდომა გაიზარდა, რაც შესაძლებელს ხდის, რომ დღეს, ღვთის წყალობით, ჩვენ ვიხილოთ ეს მნიშვნელოვანი საგანძური. სრული ბირთვული დოკუმენტები მიღებულია და ირანს გადაეცა.

არსებობს სხვა დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია ამერიკასთან, ევროპასთან, სხვა ქვეყნებთან კავშირებთან და სადაზვერვო დოკუმენტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის სტრატეგიულ ძალას“, - დასძინა ისმაილ ხატიბმა.

ცნობისთვის, ისრაელის მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.