ირანის არმიის მეთაური: ირანის შეიარაღებული ძალები სრულად არის მზად ასიმეტრიული ომისთვის
„ირანის შეიარაღებული ძალები სრულად არის მზად ასიმეტრიული ომისთვის,“ - ამის შესახებ ირანის არმიის მეთაურმა ამირ ჰათამიმ განაცხადა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანულმა არმიამ გააძლიერა დრონებისა და სხვა უპილოტო სისტემების შესაძლებლობები.
როგორც ირანული მედია წერს, გენერალ-მაიორმა ამირ ჰათამიმ ხაზი გაუსვა მზადყოფნის ამჟამინდელ დონესა და მისი ძალების ოპერატიულ მოქნილობას და აღნიშნა, რომ უპილოტო შეიარაღებამ – დაწყებული საჰაერო და საზღვაო დრონებით, დამთავრებული მიკროდრონებით – გამოყენების გაცილებით ფართო სპექტრი შეიძინა და ირანის თავდაცვით სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
არმიის მიერ დრონების, კერძოდ კი, „არაშის“ სერიის განვითარების სტრატეგიის განხილვისას, ირანელმა სამხედრო მეთაურმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სისტემებზეა გათვლილი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ძლიერი პოზიციები „ასიმეტრიულ ომში“.
„ვარწმუნებთ ძვირფას ირანელ ხალხს, რომ კარგ მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ არმია ინარჩუნებს მაღალ საბრძოლო სულისკვეთებას.