Loading data...
ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების გადაცემას გეგმავს - Reuters

ირანი უახლოეს მომავალში რუსეთისთვის Fath-360 ტიპის მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტებისთვის გამშვები დანადგარების გადაცემას გეგმავს, რომელთა გამოყენებაც მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში შეუძლია. ამის შესახებ სააგენტო Reuters ორ დასავლელ უსაფრთხოების წარმომადგენელსა და რეგიონულ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. 

წყაროების თქმით, ირანული რაკეტების გამშვები დანადგარების გადაცემა „გარდაუვალია“. საუბარია 120 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე Fath-360 რაკეტების გამშვებ დანადგარებზე, რაც რუს ჯარებს საშუალებას მისცემს, ოპერატიული დარტყმები განახორციელონ უკრაინის პოზიციებზე, სამხედრო ობიექტებსა და ფრონტის ხაზის მახლობლად დასახლებულ პუნქტებზე.

ირანმა რუსეთს რაკეტები 2024 წლის სექტემბერში ცხრა რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემით მიაწოდა. მაშინ სამმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ გამშვები დანადგარები ტვირთის ნაწილი არ იყო.

ექსპერტების აზრით, Fath-360-ისთვის გამშვები დანადგარების მიწოდება ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს.

მანამდე აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის კონგრესს განუცხადა, რომ ირანმა რუსეთს 400-ზე მეტი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გადასცა. სავარაუდოდ, ამერიკელი გენერალი Fath-360 რაკეტებზე საუბრობდა.

ამავდროულად, არ არსებობს საჯარო მტკიცებულება იმისა, რომ ირანმა რუსეთს სხვა ტიპის ასეთი რაკეტები გადასცა, ან რუსული ძალები Fath-360-ს იყენებენ.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Fath-360-ის განთავსება რუსეთს საშუალებას მისცემს, შეინახოს უფრო მოწინავე რაკეტები, მაგალითად „ისკანდერი“, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი მისი ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმებისთვის, რაც კიდევ უფრო დატვირთავს მის საჰაერო თავდაცვის სისტემას.

„მათთვის [რუსული ძალებისთვის] გაცილებით ადვილი და სწრაფი იქნება მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმების განხორციელება. Fath-360-ს გაშვებას დიდი მომზადება არ სჭირდება და მისი ფრენის დრო უკიდურესად მოკლეა“, - აღნიშნა ფაბიან ჰინცმა, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარმა.

„Fath-360 ისეა შექმნილი, რომ მისი გამოყენება მინიმალური მომზადების მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ“, - განმარტა ნიდერლანდების სამხედრო აკადემიის ასოცირებულმა პროფესორმა რალფ საველსბერგმა.