ირანი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მოქმედ რამდენიმე სპარსულენოვან მედიასაშუალებებს სამხედრო სამიზნეებად მიიჩნევს
ირანის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მოქმედი რამდენიმე სპარსულენოვანი მედიასაშუალება მათი „სამხედრო სამიზნეების სიაში“ შედის და მათ აშშ-ისა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. წერს Times of Israel-ი.
სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში შეიარაღებული ძალების სპიკერმა აბოლფაზლ შეკარჩიმ ამ გამოცემებს შორის დაასახელა - BBC Persian, Iran International და Radio Farda.
„ეს მტრული მედიასაშუალებები სიონიზმისა და ამერიკის ჯარისკაცები არიან და ჩვენი სამხედრო სამიზნეების სიაში შედიან“, - აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების სპიკერი და მათ „მოსადთან, CIA-სთან და მტრის სადაზვერვო ორგანიზაციებთან პირდაპირ კავშირში“ ადანაშაულებს.
„ირანის შეიარაღებული ძალები ამ საინფორმაციო საშუალებებს მედიად არ მიიჩნევენ“, - დასძინა ირანის შეიარაღებული ძალების სპიკერმა.
მას არ დაუკონკრეტებია, სად შეიძლება გახდნენ ისინი სამიზნე.
როგორც მედია წერს, ირანის ხელისუფლება ხშირად ადანაშაულებს საზღვარგარეთ მოქმედ სპარსულენოვან მედიასაშუალებებს ისრაელთან თანამშრომლობაში. ირანმა Iran International 2022 წლიდან ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და გააფრთხილა, რომ ამ არხთან თანამშრომლობა ირანის კანონმდებლობით დასჯადია.